saqarTvelos mdinareebi - lopota
ტერიტორიული ერთეულები | თელავის მუნიციპალიტეტი |
სათავე | კავკასიონი |
შესართავი | მდ. ალაზანი |
სიგრძე | 33 კმ |
აუზის ფართობი | 263 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 6,58 მ³/წმ |
წყლის დანიშნულება | გამოიყენება სარწყავად |
მდინარე თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, ალაზნის მარცხენა შენაკადი. იწყება კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, 2560 მ სიმაღლეზე. სიგრძე 33 კმ-ია, აუზის ფართობი კი 263 კმ². საზრდოობს თოვლით, წვიმითა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, ზოგჯერ ბაღ-ვენახებსა და ნათესებს ტბორავს. წყალმცირია ზამთარსა და ზაფხულში. წყალმოვარდნები ზოგჯერ ღვარცოფულია. საშუალო წლიური ხარჯი 6,58 მ³/წმ. მდინარის აუზი ალაზნის ვაკისკენ ერთბაშად დაბლდება, რაც მდინარის სიგრძის თითქმის 65 მ-ს შეადგენს." ლოპოტის წყალი გამოიყენება სარწყავად. მდინარე ლოპოტის შესახებ ინფორმაციას ვხვდებით ვახუშტი ბატონიშვილის ნაწარმოებში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“:
„ამას ზეით ერთვის ლოპოტის-ჴევის წყალი, გამოსდის თუშეთსა და მას შორის კავკასსა, მოდის აღმოსავლიდამ დასავლად. ამ ჴევზედ მთაში არს ლოპოტი, კლდე დიდი კლდითავე მოზღუდვილი, მაგარი და შეუალი მტრისაგან, რომელი დადვა მოსვლასა ყრუსასა. აქ მოერთვის ჴევი, დიდოსა და კავკასიდამ გამომდინარე. ამ ჴევს ერთვის კავკასიდამ გამომდინარე ჴევი. ამ ორსა ჴევს შორის არს ლოპოტი.“
ქართლის ცხოვრებაში კი ვკითხულობთ:
„და წარავლინა ქადაგი, რათა დაუტეონ სოფლები და ქალაქები, რომელი იყო არა ძლიერი, და შეივლტო/დიან კავკასიანთა და კახეთად, რამეთუ კახეთი ტყე იყო და შეუვალი მტერისა მიერ. ხოლო დაჩი მეფე და დის-წული მისი გარდავიდეს კახეთად, და შედგეს ჴევსა ლოპოტისასა, ქუეყანასა მას კლდითა მოზღუდვილსა (და იყვნეს სოფლისა მის კაცნი ცეცხლისა და წყლისა მსახურ, და სავსე იყო ჴევი იგი სიმრავლითა კაცთათა ვიდრე ნოსრამდე)“